LucaPolare
ლუკა პოლარეს განცხადება
16 დეკემბერი 2020

ლუკა პოლარეს განცხადება

რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში “ლუკა პოლარეს” შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება იგივე სივრცეში ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა და მცდელობა კონტაქტის დამყარებისა, ჩვენი დაბლოკვით დასრულდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მიგვემართა მათთვის, ვისაც „ლუკა პოლარეს“ მიმართ კითხვები გაუჩნდა.

12-წლიანი არსებობის მანძილზე ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარ ცხოვრებას გვიკავშირებს, იქნება ეს გრძელვადიანი თუ ხანმოკლე თანამშრომლობა. კომპანიის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება სისტემური ჩაგვრისა და უპატივცემულო მოპყრობის შესახებ, სრული სიცრუეა. სიმართლეს არ შეესაბამება ნამუშევარი დღეებისა და საათების რაოდენობა, რაც არაადეკვატურ სურათს ქმნის ხელფასთან მიმართებაში.

„ლუკა პოლარეში“ შრომის ყოველი საათი ანაზღაურებულია, იქნება ეს ცვლის დასასრულს სამუშაო სივრცის მოწესრიგება თუ ზეგანაკვეთური შრომა. ანაზღაურებულია შესვენებაც. ამას გარდა, თანამშრომლებს აქვთ ფასდაკლების ბარათი, რომელიც „ლუკა პოლარეს” ყველა პროდუქტზე ვრცელდება.

„ლუკა პოლარეს”, ისევე როგორც ყველა მსგავს კომპანიას, აქვს კამერები, რომლებიც პირველ რიგში თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებას ემსახურება. კომპანია ზედმიწევნით იცავს საჯარო და სამუშაო სივრცეში კამერების გამოყენების როგორც ლეგალურ, ასევე ეთიკურ ნორმებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა დაფასებულად იგრძნოს თავი და გულწრფელად ვწუხვართ, თუ ცალკეულ შემთხვევებში ეს ასე არ იყო აღქმული.

ჩვენ გვჯერა თანამშრომლებთან პატივისცემაზე დაფუძნებული, კონსტრუქციული ურთიერთობის და ღია დიალოგის. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა „ლუკა პოლარეს” გუნდს თორმეტი წლის მანძილზე სტუმრისთვის მაღალი ხარისხი და მზრუნველი, კეთილგანწყობილი და მეგობრული გარემო შეეთავაზებინა.

ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობაა ნებისმიერი გამოწვევა პოზიტიურ გამოცდილებად ვაქციოთ და გამოვიყენოთ ის უკეთესი მომავლის შექმნაში!

პატივისცემით,

ლუკა პოლარე